ასეა სახელდებული  ხელოვანის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნამუშევარი,     რომელიც  2024 წელს   შვეიცარიის წმ. ლუკას  საზოგადოების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პროექტ www.lukasgesellschaft.ch-ისათვის შეიქმნა. როგორც ტრანსკულტურული და ინტერრელიგიური ხელოვნების ნიმუში, ის  შვეიცარიის სხვადასხვა ტაძარში განსათავსებლად მოიაზრება. დღეს  VELUM-ი  რიგით მეხუთე საკრალურ სივრცეში- ბაზელის კარტაუზერის ეკლესიაშია გამოფენილი. ეროვნულ გალერეაში კი  ეს პროექტი ციფრული პროექციის სახითაა წარმოდგენილი.

ნინა გამსახურდიამ 1987 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ხელოვნების ისტორიისა და თეორიის სპეციალობით. იგი იკვლევდა  შუა საუკუნეების ხელოვნებას. თუმცა, მისი სამეცნიერო ინტერესის სფერო გაცილებით ფართო იყო: ქრისტეანობამდელი  უძველესი კულტურები, დასავლური და აღმოსავლური პრაქტიკები, კულტურები, რომელთა არსი ტრანსცენდენტურთან მიახლებაა. ამ უზარმაზარ მემკვიდრეობაში მისთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო ტექნოლოგიური პროცესები და სხვადასხვა  სახელოვნებო მასალა.  ნინა გამსახურდია 1992 წლიდან შვეიცარიაში ცხოვრობს. ემიგრაციაში საოცრად მრავალმხრივი აღმოჩნდა ნინა გამსახურდიას მოღვაწეობის არეალი.   ის კითხულობს ლექციებს, აქვეყნებს სამეცნიერო ნაშრომებსა  და თარგმანებს, დაკავებულია  შუა საუკუნეების ხატების  ექსპერტიზითა და რესტავრაციით…   2018 წელს დააარსა კულტურული ასოციაცია ICONARIUM.ORG-ი,  რომელიც ეწევა შვეიცარიაში დაცული რელიგიური არტეფაქტების არქივირებას, დაცვასა და  გამოფენების ორგანიზებას.  

ამავდროულად,  ემიგრაციაში ნინა გამსახურდია   შედგა  როგორც ხელოვანი. სიღრმისეული ცოდნის საფუძველზე წარმოშობილი მისი ხელოვნება არავის  ჰგავს. როგორც პოსტმოდერნისტი ხელოვანი,  ის არღვევს სახვითი ხელოვნების დარგების საზღვრებს. მის მიერ შექმნილი არტეფაქტები ერთდროულად ფერწერაცაა  და ქანდაკებაც  ან, უფრო ზუსტად, აბსტრაჰირებული,  კონცეპტუალურად დატვირთული ობიექტებია.  

ნინა გამსახურდია ბოლო წლებში თანამშრომლობს ქართველ გეოლოგსა და „ფერთა მეცნიერთან“ მურად ტყემალაძესთან, იყენებს საქართველოში მოპოვებულ   მინერალთა პიგმენტებს.

ვერნისაჟთან ერთად შედგება მხატვრის შესახებ  წიგნის პრეზენტაცია, რომელიც პროფ. ქეთევან კინწურაშვილთან ერთად მომზადდა  და გამოიცა შვეიცარიაში, გამომცემლობა Alataverlag მიერ.

გამოფენა 7 აგვისტოს 7საათზე საათზე გაიხსნება და 7 სექტემბრამდე გასტანს