ქალი საქართველოს ისტორიაში 

საქართველო, ანტიკურ ხანაში არგონავტების კოლხეთად და ბიზანტიის იმპერიის მოკავშირე იბერიად ცნობილი, დღემდე გამოირჩევა ავთენტური კულტურით. შავი ზღვის პირას და კავკასიონის ქედქვეშ გადაჭიმული პატარა მზიანი ქვეყანა ერთ-ერთი პირველი შევიდა ქრისტიანულ სამყაროში. მან მრავალ დამპყრობლურ ომს გაუძლო, შეძლო შეენარჩუნებინა საკუთარი მიწა, ენა და სარწმუნოება. საქართველოში შემორჩენილია ყველაზე ძველი ოქროს საბადო, ერთ-ერთი უძველესი დამწერლობა, 8000-წლიანი ღვინის ტრადიცია… საქართველოს ისტორია დამპყრობელთა თარეშის სისხლიან თარიღებს ვეღარ იტევს და ყოველ ჯერზე, მამაკაცების გვერდით, ენის, მიწისა და სარწმუნოების, ტრადიციებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში ქალის როლი განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. მითებიდან მოყოლებული, ისტორიულმა ქრონიკებმა მრავალი ქალის სახელი შემოგვინახა. მედეას წყალობით მთელმა ანტიკურმა სამყარომ გაიცნო კოლხეთი, მხოლოდ მისი დახმარებით შეძლეს არგონავტებმა ოქროს საწმისის წაღება საბერძნეთში. მისიონერმა ქალწულმა ნინომ სამეფო ოჯახს მიაღებინა ქრისტიანობა. მას ეთაყვანებიან, როგორც “მოციქულთასწორს”. საქართველოს ოქროს ხანა თამარის სახელთანაა დაკავშირებული – მას „მეფეს“ უწოდებდნენ და არა „დედოფალს“. ქეთევან დედოფლის მოწამეობრივმა სიკვდილმა იხსნა  ერი ირანის მიერ სრული დაპყრობისა და გამაჰმადიანებისგან. ქართული კულტურა წარმოუდგენელია ამ ოთხი ქალის-მედეას,ნინოს,თამარისა და ქეთევანის გარეშე, რომლებმაც სრულიად  შეცვალეს თავიანთი ქვეყნის ისტორია. შემორჩენილია თამარ მეფის ოთხი პორტრეტი: ვარძიაში, ყინწვისში, ბეთანიასა და ბერთუბანში. თამარი იყო ქალი, რომელიც აღფრთოვანებას იწვევდა იმდროინდელ სამყაროში თავისი სილამაზითა და ჭკუით. ფრიდრიხ ბარბაროსას სურდა მისი ერთ-ერთ ვაჟზე დაქორწინება, როდესაც თამარი ქმარს გაშორდა. თამარმა მოახერხა პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის ძირეული მოდერნიზაცია: შექმნა დარბაზი – მაშინდელი პარლამენტი, გააუქმა სიკვდილით დასჯა და მონობა, ააშენა ეკლესიები და აკადემიები, ხელი შეუწყო მეცნიერების, პოეზიის და მხატვრობის განვითარებას.

ქალი დღევანდელ საქართველოში:


სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

(*18 მარტი, 1952, პარიზი) — საფრანგეთისა და საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2004 წლის მარტიდან 2005 წლის ოქტომბრამდე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში 2003-2004 წლებში.

სალომე ზურაბიშვილი დაიბადა და გაიზარდა საფრანგეთში, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის მოღვაწის, წლების მანძილზე საფრანგეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის, ოჯახში. იგი არის ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის, შვილთაშვილი.

ქალი მთავრობაში: თავდაცვის მინისტრი – თინა ხიდაშელი, ვიცე პრემიერ მინისტრი – მაია ცქიტიშვილი, ეკონომიკის მინისტრი – ნათია თურნავა, ჯანდაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე, სამოქალაქო სამართლიანობა – თეა ახვლედიანი, იუსტიციის მინისტრი – თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – ხათუნა თოთლაძე და ა.შ.

ნონა გაფრინდაშვილი, მოჭადრაკე (1941 – )

(1941-) — ქართველი მოჭადრაკე, დიდოსტატი. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962-1978). 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი. ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე (1980-1986). საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი 1989-1996 წლებში, 1996 წლიდან მისი საპატიო პრეზიდენტი. 1978 წელს ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, ვისაც “დიდოსტატის” წოდება მიენიჭა.

 

ნინო ქათამაძე, ჯაზის მომღერალი (1972 – )

ნინო ქათამაძემ სიმღერის მოღვაწეობა საქართველოში დაიწყო მანამ, სანამ საერთაშორისო ასპარეზზე გაითქვამდა სახელს XXI საუკუნის დასაწყისში. დღეს ის  საქართველოს ყველაზე ცნობილ ხელოვანთა რიგებშია და ცნობილია მუსიკალური სტილის უნიკალური შერწყმით და კონცერტებზე იმპროვიზაციით.

 

ნანა ექვთიმიშვილი, დრამატურგი და რეჟისორი (1978 – )

ნანა ექვთიმშვილი არის მრავალი ჯილდოს მფლობელი რეჟისორი, რომელმაც ქართული კინოინდუსტრია საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოაქცია. ამ ნიჭიერ სცენარისტს, დრამატურგსა და ავტორს აფასებენ, როგორც კატალიზატორს ქართულ კინოინდუსტრიაში ახალი ეპოქის შექმნისთვის.

ანიტა რაჭველიშვილი, ოპერის მომღერალი (1984 – )

ანიტა რაჭველიშვილი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საოპერო მომღერლად ითვლება, თანამედროვე საქართველოს ისტორიაში გამორჩეულ ქალთა რიცხვს მიეკუთვნება.იგი ასობით საერთაშორისო საოპერო სცენაზეა წარმდგარი და თანამედროვე კრიტიკოსთა დიდ შეფასებას იმსახურებს.

 

ქეთი მელუა, მომღერალი და კომპოზიტორი (1984 – )

ქეთი მელუა საქართველოში დაიბადა და ბავშვობაშივე დიდ ბრიტანეთში გადავიდა. ადრეულ ასაკში, მუსიკალური უნარ-ჩვევების სრულყოფის შემდეგ, მისმა ბუნებრივმა ნიჭმა სწრაფად იჩინა თავი. მან პირველი ალბომი გამოუშვა 20 წლის ასაკამდე. მელუა გახდა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ხელოვანი ქალი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომღერალი საქართველოდან.

 

ხატია ბუნიათიშვილიპიანისტი (1987 – )

ხატია ბუნიათიშვილი არის საერთაშორისოდ აღიარებული პიანისტი, რომელიც საქართველოშია დაბადებული. საქართველოში მან საკონცერტო მოღვაწეობა ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო და შემდეგ საერთაშორისო პოპულარობა მოიპოვა კლასიკური მუსიკის ემოციური, შემოქმედებითი შესრულებით.