მაშ, ასე – არც თუ ისე მოკლე ანგარიში ბაზელში, 2024 წლის 23-30 აგვისტოს გამართული, ქართველი ქალი მხატვრების გამოფენა-გაყიდვაზე. მოკლედ არ გამოდის, შორიდან უნდა დავიწყო. 1918 წელს, ლონდონში, კონსტანს სმედლიმ, რომლის მეუღლე საღამოობით მამაკაცთათვის განკუთვნილ კლუბებში ატარებდა დროს, დააარსა ქალთა კლუბი “ლიცეუმი”. ეს კლუბი იქცა ქალებისთვის სოციალური ცხოვრების კერად. იმ დროს სხვა ქალაქების და ქვეყნების ქალებიც განიცდიდნენ სოციალურად აქტიური ცხოვრების დეფიციტს, ამიტომ კონსტანს სმედლის წამოწყებამ “იბარტყა” და მალევე მოედო ჯერ ევროპას და შემდეგ ევროპასაც გასცდა. სულ რაღაც 14 წელიწადში ასეთივე კლუბი გაჩნდა შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში. ბაზელის კლუბი საუკუნეზე მეტია, რაც არსებობს. ბაზელის ლიცეუმ კლუბის პირველმა ქართველმა წევრმა ნინო გამსახურდიამ Nina Gamsachurdia, 2020 წელს ასეთივე კლუბი დააარსა თბილისში.
მთელი ეს დრო ჩვენი ახალფეხადგმული კლუბი მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ურთიერთობდა სხვა ქვეყნების კლუბებთან. იყო ლექციები, მოგზაურობების შთაბეჭდილებების გაზიარება, პრეზენტაციები… და აი, წელს აგვისტოში პირველად გავცდით ციფრულ სივრცეს! ჩვენმა “მშობელმა” ბაზელმა, ისევ ნინო გამსახურდიას ინიციატივით და ორგანიზებით, მიგვიწვია გამოფენით. თბილისის კლუბის დაარსების პირველი დღიდან, N9 Gallery გალერეა იყო ჩვენი მასპინძელი, კონცერტების და გამოფენების ჩატარების კერა. გალერისტი Maka Iovadze კი, კლუბის შეუცვლელი წევრი. შესაბამისად, გამოფენისთვის ხელოვანების მოწვევა, კონცეფციის მოფიქრება და ორგანიზება მას დაევალა.
დარგით (ფერწერა, გრაფიკა, ციფრული მედია, ქსოვილი, კოლაჟი, სამკაული, აქსესუარები), ჟანრით, სტილითა და მედიით განსხვავებული ნამუშევრები გაერთიანდა კონცეფციის “სახლი” გარშემო. ბაზელის მთავარი ტაძრის წინ, ხალხმრავალ მიუნსტერპლაცზე, ლიცეუმ კლუბის სივრცეში ერთი კვირის განმავლობაში დამთვალიერებლებმა ნახეს 12 ქალი ხელოვანის ნამუშევრები. ესენია: Tamuna Melikishvili, თამრიკო მელიქიშვილი Tamriko Melikishvili, ანკა კალატოზიშვილი, Maka Gotsiridze, Keti Batiashvili, Maka Siamashvili, მაკა ჯიშკარიანი Maka Jishkariani, ქეთი ბენაშვილი, Tamar Gedevanishvili, ნინო ჩიტაიშვილი, Natashka Gegenava (სამკაულის ბრენდი ნატანავა Natanava), Khatuna Bezhuashvili Beju (სამკაულის ბრენდი ბეჟუ) და Tamta Alkhazashvili(აქსესუარები). გამოფენილი იყო ერთი მოყვარული მხატვრის, დიპლომატი ქალბატონის პეიზაჟიც – ქეთევან ესიაშვილი წლების განმავლობაში იყო საქართველოს კონსული შვეიცარიაში (საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო განყოფილებაში, მის კაბინეტში კედელზე ეკიდა შვეიცარიის ხედი, რომელიც ავტორმა ბაზელში გაგვატანა, როგორც ამ ქვეყნისადმი სიყვარულის ნიშანი).
გამოფენის გახსნას დაესწრო მოულოდნელად დიდი რაოდენობის ხალხი, არა მხოლოდ ბაზელის კლუბის წევრები, არამედ შვეიცარიის სხვა ქალაქებიდან და სხვა ქვეყნებიდან (გერმანია, საფრანგეთი) ჩამოსული ქალბატონები (და არა მხოლოდ). გახსნის დღეს შვეიცარიაში მცხოვრებმა ქართველმა პიანისტმა Tamuna Beraia (Tamar Beraia) შეასრულა ევროპელი და ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები. ვერნისაჟისთვის ბაზელის კლუბმა საგანგებოდ შეიძინა ქართული ღვინო NinoVino -სგან.
შემდგომ დღეებშიც უამრავი ადამიანი მოდიოდა და ჩამოდიოდა სხვადასხვა ქვეყნიდან. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო მათგან აღტაცებული შეფასებების მოსმენა. მაგალითად, რომ თამრიკო მელიქიშვილის ნამუშევრების ადგილი ბეიელერის ფონდშია (!!!).
ან რად ღირს ის ფაქტი, რომ ქეთი ბათიაშვილის ნამუშევარი შეიძინა ადრე ბაზელის კუნსტმუზეუმსა და შემდგომ ბეიელერის ფონდში გამოფენილი, იმპრესიონისტების და პოსტიმპრესიონისტების კოლექციის მფლობელმა, Rudolf Staechelin-ის მემკვიდრემ, ბაბუის სეხნიამ. რაც გინდა თქვით, ფაქტი ფაქტია: კაცმა გოგენი გაყიდა (ეს მერე დავგუგლეთ) და ქეთი ბათიაშვილი იყიდა! თავად მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილის და მაია ჩიბურდანიძის თაყვანისმცემელმა, ფიროსმანის მოყვარულმა, დიდი სიხარულით მიიღო საჩუქრად ქეთი ბენაშვილის მიერ ნახშირით შესრულებული გრაფიკა (რომელთანაც კარგა ხნით შეყოვნდა და დიდი ინტერესით ათვალიერა).
ერთ-ერთმა ლიტერატორმა ქალბატონმა გამოფენის დასრულებამდე ვერ მოითმინა და პირველივე დღეს ჩამოგვახსნევინა შენაძენი – ანკა კალატოზიშვილის მიერ ქსოვილებით შესრულებული კოლაჟი.
ჩვენი ხელოვანების ნამუშევრების მყიდველთა შორის იყვნენ არტ-კრიტიკოსები, მხატვრები, ხელოვნების მოყვარულები. დღეს ეს ფერწერა და გრაფიკა ბაზელის და ევროპის სხვა ქალაქების ინტერიერებს ამშვენებს, ხოლო იქაურ ქალბატონებს ხათუნა ბეჟუაშვილის და ნატა გეგენავას სამკაული უკეთიათ. მერწმუნეთ, ერთია, როდესაც უცხოეთში ტურისტად მიდიხარ, ხარ წვეთი უამრავ ტურისტს შორის და არავინ დაგეძებს და სულ სხვაა, როდესაც იქ შენ მიმართ ასეთი ინტერესია და შედეგად იქ შენს შემოქმედებით კვალს ტოვებ!
ჩვენ მიმართ ასეთი ინტერესი ქართული ლიცეუმ კლუბის პრეზიდენტის, ცირა ბიუიკის Tsira Bewick დამსახურებაცაა. სწორედ მისი კონტაქტების და რეკომენდაციის წყალობით ჩამოდიოდა ხალხი სხვადასხვა ქვეყნიდან. თბილისის ლიცეუმ კლუბმა მიიღო სამომავლო შემოთავაზებები ასეთივე გამოფენების გამართვისა ბერლინში, ფრანკფურტში, პარიზში და კონტინენტს მიღმა, მელბურნში.
წარმატებები საქართველოს ლიცეუმ კლუბს Lyceum Club Georgia, N9 Gallery და ქართველ ხელოვანებს! და კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული მადლობა ბაზელის ლიცეუმ კლუბს, გამოფენის ორგანიზატორებს Ursula Traber-s, ნინო გამსახურდიას Nina Gamsachurdiaachurdia-ს და მის მეუღლეს სანდრო ლაისოს Sandro Laiso ფოტოებისთვის!